ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს

17.06.2015

2015 წლის 16 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მესამე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი. ჭს ბრალი ედებოდა, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რამაც სახელმწიფოს კანონიერ ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ: ი. ჭ. 2010 წლის 17 ივნისიდან მუშაობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამავდროულად წარმოადგენდა ქ.ჭიათურაში  ,,საშევარდნოს“ სახელით ცნობილ კლდის ფერდობებზე ჩატარებული ქვათაცვენის სალიკვიდაციო სამუშაოების მიღების მიზნით შექმნილი სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს. ბრალდების მიხედვით მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ევალებოდა ზემოთხსენებული სამუშაოების 50ხ50 მმ-ის დიამეტრის ბადით შესრულება, რომლის სავარაუდო ღირებულება წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით იქნებოდა 1მ2 – 110,25 ლარი. ზემოთდასახელებულ კლდის ფერდობებზე ქვათაცვენის სალიკვიდაციო სამუშაოები შესრულდა 80ხ100 მმ-ის დიამეტრის მქონე ბადით, რომლის 1მ2-ში, მის მიერ სინამდვილეში გადახდილ იქნა-33,06 ლარი. სამუშაოების დასრულებისას ი. ჭ-მ ისე რომ შესრულებული სამუშაოს მოცულობის და ხარისხის შესახებ ინსპექტირების კომისიის შესაბამისი აქტი წარდგენილი არ ყოფილა, ხელი მოაწერა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს და ფორმა N2-ს ღირებულებით  800 092 ლარი, სადაც აღინიშნა, რომ თითქოსდა ფოლადის მაღალი სიმტკიცის ბადის მოწყობა მოხდა ზომით: /50*50/დ -3მმ, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 386 110 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის და მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდგომ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღო