განცხადება

03.07.2023

ქუთაისის საქალაქო სასამართლო აკეთებს განმარტებას ამავე სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის მიერ 2021 წლის 09 აპრილს გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის ვნებათა ღელვა გამოიწვია. საქმე ეხება გამოცემა „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მასზედ, რომ 12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გა­ნა­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, მოზარდთან სექსუალურ კავ­შირს თა­ვის სახ­ლში ამ­ყა­რებ­და. სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ამ კაცს, ..-, რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი 12 წლის ბავ­შვთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაცია საზოგადოებისათვის არასრულყოფილად და დამახინჯებულად იქნა მიწოდებული, რაც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას.

 

2021 წლის 09 აპრილის განაჩენში მითითებულია შემდეგი (მაიდენტიფიცირებელი მონაცემები დაშტრიხულია):

 

პროკურორის შუამდგომლობის თანახმად, მ. შ.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (2014 წლის 27 თებერვლისათვის მოქმედი რედაქციით), რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 21 თებერვლიდან 2014 წლის 27 თებერვლამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში … მდებარე თავის საცხოვრებელ სახლსა და აბაშის რაიონის სოფელ … მ.შ.-მ ნებაყოფლობით, რამდენჯერმე სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით, 12 წლის მ.ს.-სთან. მ.შ. ზ/აღნიშნული ქმედებისათვის ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (2014 წლის 27 თებერვლისათვის მოქმედი რედაქციით).

საქმის მასალებით დგინდება, რომ მ.ს. ცნობილ იქნა დაზარალებულად 2021 წლის 11 მარტს, ხოლო მ.შ. ცნობილ იქნა ბრალდებულად 2021 წლის 12 მარტს. 2021 წლის 08 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. იმავე დღეს წარადგინა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.

 

შესაბამისად, დგინდება, რომ სასამართლოს დაკავებიდან (პატიმრობიდან) არ გაუთავისუფლებია ბრალდებული, იგი დაკავებული არც ყოფილა. ხოლო რაც შეეხება დაზარალებულს, ის დაზარალებულად იქნა ცნობილი 19 წლის ასაკში. განაჩენის თანახმად, სასამართლომ გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

გამოცემა „ბათუმელებს“ რომ სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისათვის, საზოგადოებისათვის ნათელი გახდებოდა, რომ სასამართლოს ბრალდებული არ აურიდებია ციხეს და არც დაზარალებულის უფლებები არ დაურღვევია. არასწორმა ინფორმაციამ, რომელიც გადაუმოწმებლად გაავრცელეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, თავის მხრივ გამოიწვია საზოგადოების უარყოფითი (ნეგატიური) განწყობა სასამართლოს და კონკრეტულად მოსამართლე ციცინო მოსიძის მიმართ.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში მოიპოვებოდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამასთან განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით არ ყოფილა წარდგენილი, რის გამოც მოსამართლეს არ ჰქონდა საქმის პროკურორისათვის დაბრუნების უფლებამოსილება.